ქართული ოცნება პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის გადადებას ითხოვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს აცნობა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პარლამენტში წლიური მოხსენებით 2022 წლის 5 მარტს წარდგეს, თუმცა ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სჯობს პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე მოუსმინონ, როგორც ეს "კონსტიტუციითაა გაწერილი".
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მოსმენის გადადების ერთ-ერთ მიზეზად დეპუტატებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების მივლინებები დაასახელა.
ამასთან, ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის ფორმატი არ გულისხმობს დიალოგსა და კითხვა-პასუხის რეჟიმს და მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე მას სხვა ფორმატში შეუძლია საუბარი.
"პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა... მით უმეტეს, როდესაც თქვენ [პრეზიდენტის ადმინისტრაციამ] წერილი გამოუშვით ჩვენთან პარლამენტში, მაშინ ის თქვენთვის ჩვენთვის ცნობილი არ იყო, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა განაცხადთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრობაზე. მეორეხარისხოვანი საკითხებიცაა...
გარდა იმისა, რომ ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში, ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ხვალ ჩატარება არ მგონია სწორი. მორიგ პირველივე სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში და გაცილებით აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე ნებისმიერ ფორმატში ვისაუბროთ პრეზიდენტთან, ამის პრობლემა არ გვაქვს" - თქვა მდინარაძემ.