logo
ENG



მდინარაძის ინიციატივაა, ქუჩაში ნიღბებით სიარული აიკრძალოს

08 დეკ 202400:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/08/4vqxi4v7oaitvye.png

ქართული ოცნება ქუჩაში ნიღბით სიარულის აკრძალვას გეგმავს. ამის ერთ-ერთი ინიციატორი უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა, რომელმაც ამ თემაზე იმედის ეთერში ისაუბრა.

მდინარაძე ამბობს, რომ ამავე აზრზე არიან დე ფაქტო პრემიერმინისტრი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

მდინარაძემ ამაზე TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის კონტექსტში ისაუბრა და თქვა, რომ ამას საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

"ერთი ინიციატივა - იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. მე და თქვენ შეგვიძლია ახლა ვილაპარაკოთ ამაზე, დავაყენოთ ინიციატივა. კარგადაა შესასწავლი. ეს სულ ერთი ორი დღის ამბავია.

მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ნიღბით სიარული უნდა იყოს აკრძალული. მე და ირაკლი კობახიძე ვლაპარაკობდით სხვათა შორის, გუშინ, რომ რაღაც კადრს ვუყურებდით და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზეა, დაახლოებით ვიცი. ახლა მოვიდა ზუსტად ის მომენტი, ძალიან ცუდი დამთხვევაა. ეს თუ ლაპარაკის დონეზე გვქონდა, ნიღბით იდენტიფიცირებაც რომ ვერ ხდება, ეს პოლიციელებიც რა დღეშია, აი ამ დონეზე იყო ლაპარაკი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს... ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რისი ინიციატორიც, როგორც ერთი დეპუტატი, ვიქნები"- თქვა მდინარაძემ.

5 დეკემბერს ამ თემაზე ისაუბრა დე ფაქტო პრემიერმაც და მაგალითად ევროკავშირი მოიყვანა, სადაც მისივე მტკიცებით, აკრძალულია მომიტინგეებისგან ისეთი საშუალებების ტარება, რაც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას.


close დახურვა