მდინარე რიონის ადიდების გამო სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩაინგრა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
"ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა", - აცხადებენ უწყებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება.