საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევამ, ქართული ოცნების მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, ოღონდ ისე, რომ პროცესში არავინ შეკამათებიათ - ბურთი და მოედანიც მათი იყო და ოპოზიციის ფლანგისთვის გამოყოფილი დროც, კითხვების დასასმელად.
ძველმა და ახალმა დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებისთვის ქება არ დაიშურეს, თუმცა როგორც დეპუტატმა ნინო წილოსანმა აღნიშნა, მარტოობის გამო მათ "გაცილებით მწვავე კითხვების ვალდებულებაც გაუჩნდათ".
ქართული ოცნება ერთპარტიულობას ნახევრად ცარიელ დარბაზშიც არ აღიარებს და მისი შევსების იმედებსაც გამოთქვამს, მანამდე კი მათი ახალი თუ ძველი სახეები შეეცადნენ, კითხვების რაოდენობა შეევსოთ და პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ახალი იდეებით გამოეჩინათ თავი:
ელისო ბოლქვაძე მუსიკალური განათლების აუცილებლობაზე:
"მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება, არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰობენის ჰანგებს, ის არ შეიძლება, იყოს ცუდი ადამიანი მომავალში".
ირმა ზავრადაშვილს აინტერესებს, როგორ შეიძლება განათლების სამინისტროს მიერ გაკეთებული საქმეები მოქალაქეებამდე მივიდეს:
"ბატონო მიხეილ [ჩხენკელი], იმდენი რამ გაგიკეთებიათ, ერთადერთი რაზეც პრეტენზია მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ რაღაც კულტურა დავნერგოთ ყოველი თვის ბოლოს ან კვარტლის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო".
გიორგი ამილახვარი საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებაზე
"ხომ არ გვეფიქრა, მექნებოდა ასეთი ინიციატივა, რომ გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და რეგიონალურ ჰაბად, მიზიდულობის ცენტრად ჩამოვაყალიბოთ დისტანციურ სწავლებაში".
დავით კაჭარავა "მეზობლებთან შერიგებაზე"
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მოგეხსენებათ, ძალიან ფეთქებადი რეგიონია კავკასია. ადრე არსებობდა ასეთი პროექტი, გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა, რის გარშემოც პატარ-პატარა სოფლებიდან უამრავი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
მე მცირედით მივიღე ამაში მონაწილეობა და მახსოვს ამ ბავშვების, მოსახლეობის გაერთიანება სპორტული აქტივობების გარშემო. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებაში, მით უმეტეს იმ სოფლებში და რეგიონებში სადაც პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო".
ელისო ბოლქვაძე კულტურული დიპლომატიის როლზე:
"განიხილავთ, თუ არა მომავალი 4 წლის განმავლობაში კულტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში, ან თუ არსებობს მთავრობის გეგმა, ან თუ გეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობას".
თამარ ტალიაშვილის ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერებაა:
"ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამ თვალსაზრისით, ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას? განსაკუთრებით მისი საკოორდინაციო ფუნქცია იმისთვის, რომ ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია მოხდეს სხვადასხვა სფეროებში".
ლადო კახაძე "სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე":
"მე, როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს. ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე. რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ აუცილებლად, ეს სამასშტაბო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო-სტრატეგიული. სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს და მოხდეს სტიქიური გამოწვევა, მოხდეს კიდე სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა. ჩემი შეკითხვა ასეთია: როგორ ფიქრობთ სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე".
კახი კახიშვილი "ქუჩის მწვრთნელების" ინიციატივით გამოდის
"მერია ბევრ სკვერს და სტადიონს აშენებს უბნებში, მაგრამ ცუდი არ იქნება, რაღაცნაირად, ქუჩის მწვრთნელების პროგრამის ამოქმედება. მაგალითად არ არსებობს უბანი, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და იმ კორპუსში თავის ბავშვებს ამეცადინებდეს. ეს იქნება კარგი".
ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე:
"საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააანონსა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება, ჩვენმა სპორტსმენებმა დაიწყეს უკვე მზადება, მათ გარდა, ამ მზადებაში მონაწილეობს სამედიცინო სტაფი... ამ ფონზე, ძალიან აქტუალური და სასარგებლო იქნება სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, მისი არქონა ცოტა ხანში ისე იზამს, რომ ვერ დავეწევით რიგ ქვეყნებს, რომლებსაც ვასწრებდით ყველანაირი შედეგით და მედლებით".
შოთა ხაბარელი სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე:
"დაისვა საკითხი კულტურასთან დაკავშირებით და ჩვენთვისაც სპორტსმენებისთვის და სპორტის მესვეურებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის გამოყოფა, ცალკე რომ იყოს სპორტი და შეასრულოს თავის ფუნქცია. მომავლისთვის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ქართულ სპორტში არსებობს, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი".