მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო პლენარული სხდომა გამართა და მუშაობა დაასრულა.
რეგლამენტის თანახმად, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში პლენარული სხდომები არ იმართება, თუმცა უმრავლესობის წევრების თქმით, საჭიროების შემთხვევაში დამატებით სხდომებს ჩანიშნავენ.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნული კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
ასევე, პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".
გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას უყარეს კენჭი. პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 83-ხმით დაამტკიცა.