logo
ENG



მე-18 დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს

17 ნოე 202116:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/9avhf6xmjim28h4.jpg

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნულ მედიკამენტებს იღებს, ხოლო მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დაწესებულების ექიმ-თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.

"გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე - ნორმაშია", - განაცხადა მათეშვილმა.

ექიმმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტების ასევე მათი პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის მართვის გამოცდილება აქვს.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 

რამდენიმე დღეა ციხის საავადმყოფოში შესვლას ვერ ახერხებს სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. პაციენტის გასასინჯად არ ყოფილა არც მთავრობის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი. 

16 ნოემბერს სახალხო დამცველმა ექსპერტთა ჯგუფის შექმნა დააანონსა, რომელმაც სააკაშვილი ციხეში უკვე მოინახულა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა, მე-18 დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა სააკაშვილისნაირი პაციენტის იქ მკურნალობა მიზანშეწონილი არაა. 


close დახურვა