logo
ENG



მე-5 ვადით პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ზელენსკის ლეგიტიმურობა ამოიწურა

24 მაი 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/24/hfj67cbm4zbucmk.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-ბელარუსული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა ამოიწურა.

"ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს [უკრაინის] ამჟამინდელი მეთაურის ლეგიტიმურობა ამოიწურა. ვფიქრობ, შვეიცარიაში გამოცხადებული კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასავლური საზოგადოების, დღევანდელი სპონსორების მიერ კიევის უმოქმედო რეჟიმისა და სახელმწიფოს მეთაურის ლეგიტიმაციაა", - თქვა პუტინმა.

ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ კიევთან დიალოგის გასამართად, ჯერ საჭიროა გაიგოს, "ვის შეუძლია მოელაპარაკოს და ვის აქვს უფლება ხელი მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს."

მან ასევე დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის გააგრძელოს დიალოგი უკრაინასთან, მაგრამ, მისი თქმით, ეს პროცესი საღი აზრის დახმარებით" უნდა გაგრძელდეს.

"მე გამოვდივარ იქიდან, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და არა ულტიმატუმების, არამედ საღი აზრის დახმარებით და ისინი უნდა იყოს დაფუძნებული საღ აზრზე“, - განაცხადა პუტინმა.

ზელენსკის უფლებამოსილების ვადა 20 მაისს ამოეწურა. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს უნდა გამართულიყო, ხოლო მისი ინაუგურაცია მაისში. თუმცა, კენჭისყრა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციიდან გამომდინარე გაუქმდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში "არჩევნებისთვის შესაფერისი დრო არ იყო" და დაამატა, რომ ეს საკითხი მომავალში უნდა იყოს განხილული.


close დახურვა