logo
ENG



მეგრელიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: ეკლესიის მხარეს ვარ ამ საკითხში

27 მაი 202120:03
3 წუთის საკითხავი
 
მეგრელიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე: ეკლესიის მხარეს ვარ ამ საკითხში

პარტია გირჩის ერთერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციას იზიარებს.

საუბარია პანსიონზე, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება და სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

ომბუდსმენი წლებია ამბობს, რომ პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

"ეკლესიის მხარეს ვარ ამ საკითხში და სასწაულია, რომ ჩემი მთავარი მოკავშირე ამ თემაზე იქნება ეკლესია", - ამბობს მეგრელიშვილი გადაცემა "ჩათის" ანონსში.

გადაცემაში მეგრელიშვილი ასევე საუბრობს იმაზე, რომ "ბავშვებს უფლებები არ აქვთ". ამასთან, ის ფიქრობს, რომ "მშობლებს შვილების ცემის უფლება აქვთ".

"საერთოდ ბავშვებს უფლებები არ გაქვთ... თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მოტყეპა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის. მე ვფიქრობ, რომ მშობლის უფლებაა [ბავშვის ცემა]... პაპაჩემს ჰქონდა დაწნული მავთულისგან მათრახი, რომლითაც მცემდა", - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ბავშვთა უფლება, დაცულნი იყვნენ ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, გარანტირებულია როგორც ქვეყნის კანონმდებლობით, ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციით, რომლის შესრულების ვალდებულებაც აღებული აქვს საქართველოს. ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა მათ შორის პარლამენტის მოვალეობაა. ვახო მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატია.

გადაცემა ფორმულას ეთერში კვირას, 30 ივნისს, 12:30 საათზე გავა. 

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო და ომბუდსმენს შეურაცხყოფაც მიაყენა

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. 

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. 

თუმცა, სახელმწიფოს ეს მოვალეობა არ შეუსრულებია. 

„სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PHR-სთვის მიწერილ შეტყობინებაში.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ გაერო მსგავს ბერკეტს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებს. 

1-ლ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უცნობია ბავშვების მდგომარეობა მაშინ, როცა სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.

"ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროეტსო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
  • დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

close დახურვა