რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დონბასში "რეფერენდუმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს" ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის.
"დონბასში რეფერენდუმებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების და სხვა გათავისუფლებული ტერიტორიების მაცხოვრებლების სისტემური დაცვისთვის, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის."- წერს მედვედევი თავის Telegram გვერდზე.
მისი თქმით, ამ ტერიტორიების რუსეთთან შეერთების შემდეგ მსოფლიოში გეოპოლიტიკური 'ტრანსფორმაცია შეუქცევადი გახდება."
"რუსეთის ტერიტორიაზე ხელყოფა არის დანაშაული, რომლის ჩადენაც შესაძლებელს ხდის თავდაცვის ყველა ძალის გამოყენების. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რუსეთის ვერც ერთი მომავალი ლიდერი, ვერც ერთი ოფიციალური პირი შეძლებს ამ გადაწყვეტილებების შეცვლას."- განაცხადა მედვედევმა.
დმიტრი მედვედევის აზრით კიევს და დასავლეთ სწორედ, "რეფერენდუმების" ამ შედეგის "ეშინიათ" და აქედან გამომდინარე, აუცილებელია მათი ჩატარება.
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა შესთავაზა ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს, ლეონიდ პასეჩნიკს, ერთობლივად ჩაატარონ "რეფერენდუმი" ამ ორი ერთეულის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული, რუსეთში გაწევრიანების შესახებ.
"დროა წავშალოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არარსებული საზღვარი..."- განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კოფმანმა.
"ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს "არჩევნები არჩევნების გარეშე" შესახებ საუბარი, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი ჩიხში შეიტყუეს." - თქვა ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ.
მისი აზრით, მოსკოვს სჭირდება თვითგამოცხადებული ტერიტორიული ერთეულების ფორმალური მოთხოვნა, შეუერთდნენ რუსეთს, რათა გამართოს ომის ახალი რაუნდი, ხოლო დაჩქარება გამოწვეულია უკრაინის კონტრშეტევით, რამაც პანიკა გამოიწვია სეპარატისტებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული. დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.