რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მედვედევის თქმით, დასავლეთმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა და აღნიშნა, რომ დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.
„2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. ეს მოვლენები კვლავ იმის დასტურია, რომ საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, ე.წ. საერთაშორისო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად, ყველაზე სწორ არჩევანს წარმოადგენს.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვის შესახებ გადაწყვეტილებამ დასავლეთში ისტერიკა გამოიწვია. იზოლაციით და საპასუხო შედეგებით გვემუქრებოდნენ. ახლა გვესმის, რომ ეს მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის მეშვეობით რუსეთის სიმტკიცის პირველი გამოცდა იყო. ჩვენ ეს გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ, რითაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს წარმატებული ცხოვრებისა და განვითარების საშუალება მიეცა. ხოლო ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაკიცხა ჩვენი ქვეყანა, დღეს უკრაინაში სხვისი ხელით წარუმატებლად იბრძვიან.
დასავლეთმა საქართველო ჩვენ წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უგუნურ იარაღად გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო. როდესაც ჩვენი მტრები მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიაღწევდნენ, მაშინ ის უბრალოდ ბედის ანაბარა მიატოვეს.
ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო განცდილი შოკისგან სრულად გამოკეთდა. დასკვნები ნამდვილად გამოტანილია. დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა კრიმინალური რეჟიმის ქმედებებით მიყენებულ ზიანს კიდევ დიდხანს იგრძნობენ", - თქვა მედვედევმა.
