გამოცემა "პროექტის" ინფორმაციით, რუსულმა სახელმწიფო კომპანია "აეროფლოტმა" გამოსცა შიდა განკარგულება, რომელშიც წერია, რომ უფროსმა ბორტგამცილებლებმა თვითმფრინავის ტექნიკური თუ სხვა პრობლემების შესახებ ცნობები ბორტის ჟურნალში [Cabin Log Book] მხოლოდ თვითმფრინავის მეთაურთან შეთანხმების შემდეგ უნდა ჩაწერონ.
განკარგულების ასლი "პროექტმა" მოიძია, მისი ნამდვილობა "აეროფლოტის" სამმა ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა.
"როდესაც დაიწყო ფრენებთან დაკავშირებული პრობლემები და სათადარიგო ნაწილების მიწოდების შეფერხებები, განკარგულება მოვიდა. ის გაეგზავნა ყველა უფროს ბორტგამცილებელს, განჩინებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პრობლემა ფრენის დროს, აღარ იწერება ბორტის ჟურნალში [Cabin Log Book], არამედ სიტყვიერად ხდება მოხსენება რა და სად არის პრობლემა. შესაბამისად, თუ არ არის სათადარიგო ნაწილები შეიძლება გაუმართავი თვითმფრინავი გაფრინდეს."- განმარტავს უფროსი ბორტგამცილებელი, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა აეროფლოტში.
"აეროფლოტის" ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ამბობს, რომ 2022 წელს ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავმა ფრენა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებიდან მოსკოვში შეასრულა ბორტზე ჟანგბადის ბალონების სრული კომპლექტის გარეშე.
რუსულ ავიაკომპანიებს სანქციები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადების შემდეგ დაუწესდათ.
გამოცემა "პროექტი" წერს, რომ რუსეთს არ აქვს ისეთი მოწყობილობები და არ ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც უცხოური თვითმფრინავების ტექნიკურ შემოწმებას შეძლებენ. უცხოური თვითმფრინავები კი რჩება სამოქალაქო ავიაციის ერთადერთ საყრდენად. ომამდე ყველა კომპლექსური შემოწმება საზღვარგარეთ ტარდებოდა, ახლა კი, საუკეთესო შემთხვევაში, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ირანში, სადაც საავიაციო უსაფრთხოებასთან არსებული მდგომარეობა არ არის შესაბამის დონეზე.