logo
ENG



მედია: ისრაელმა საავადმყოფოში რეიდი ჩაატარა - მოკლულია სამი პალესტინელი სამხედრო

30 იან 202418:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/30/3yaj0wr2y8781d8.jpg
CNN

საერთაშორისო მედიების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების წევრებმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის საავადმყოფოში რეიდი ჩაატარეს, რა დროსაც სამი პალესტინელი სამხედრო მოკლეს. მედიებში ვრცელდება კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ისრაელელი ჯარისკაცები ექიმების ფორმაში არიან გადაცმულები.

ტერორისტული დაჯგუფება ადასტურებს, რომ მოკლული სამხედროები მათი წევრები იყვნენ. რაც შეეხება ისრაელს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს განცხადებები არ გაუვრცელებიათ, თუმცა CNN-ის ცნობით, ქვეყნის ულტრამემარჯვენე უშიშროების მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გამოაქვეყნა და ისრაელის ძალებს ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მოუწონა.

30 იანვარს ისრაელი მძევლების გათავისუფლებაზე შუამავლების მიერ შეთავაზებულ გარიგებას დათანხმდა.

შეხვედრა, რომელშიც მოსადისა და CIS ხელმძღვანელობა, ამასთან, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პარიზში გაიმართა.

გარიგების თანახმად, ღაზის სექტორში  ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები დროებით უნდა შეაჩეროს, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყოს და ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების ნაწილი გაათავისუფლოს.

ჰამასმა სანაცვლოდ, 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები ეტაპობრივად უნდა დააბრუნოს. თუმცა ახალ გარიგებას ჰამასი არ თანხმდება და სანაცვლოდ, ომის სრულ შეწყვეტას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარის  გაყვანას მოითხოვს.

23 ნოემბერს, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.


close დახურვა