logo
ENG



მედია ადვოკატირება ჟურნალისტებისთის აკრედიტაციის შეჩერებაზე: სადამსჯელო ხასიათს ატარებს

07 აპრ 202310:44
3 წუთის საკითხავი
 

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია ფორმულას, ტვ პირველისა და მთავარი არხის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებას.

მედიის ადვოკატირების განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, მმართველი პარტია ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.

"ქვეყანაში მედიაგარემო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკული მედია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების, ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, დეზინფორმაციისა თუ უკანონო მოსმენის სამიზნეა. ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია და ამით, ართმევს საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებებისა და პოზიციის მოსმენის შესაძლებლობას. ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში ჟურნალისტებისათვის აკრედიტაციის წესებს იღებს", - წერია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ არაერთგზის განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, მედიის ჩართულობისა და მათი ლეგიტიმური პოზიციების გათვალისწინების გარეშე, ჟურნალისტებისათვის საფრთხის შემცველია და შესაძლოა მედიისათვის კრიტიკული კითხვების შეზღუდვისა თუ სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მექანიზმად იყოს გამოყენებული.

"ჩვენი შეშფოთება დადასტურდა კიდეც, როგორც პარლამენტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების დროს, ასევე რუსული კანონის განხილვისას, როდესაც მედიას ხელისუფლებამ საკანომდებლო ორგანოში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები უკანონოდ შეუზღუდა, მათ შორის აკრედიტაციის შეჩერებით. პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი გასაჩივრებულია სასამართლოში. ამ ვითარებაში, პარლამენტის გადაწყვეტილება კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზღუდავს განსხვავებული აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას", - ამბობენ ორგანიზაციაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.

მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა. პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.


close დახურვა