აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული მალხაზ რეხვიაშვილი სასამართლოში დავის წარმოწყებას აპირებს. მისი თქმით, ეს არა მხოლოდ შრომით საქმიანობაში ჩარევა არამედ კრიტიკული განწყობის გამო მენეჯმენტის მხრიდან დევნაა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რეხვიაშვილის გათავისუფლების ფაქტს მედიაექსპერტები ეხმაურებიან. „ინდიგოს“ რედაქტორი, ნატა ძველიშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, ვინაიდან არსებობს, საფრთხე რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროსამთავრობოდ იყოს განწყობილი.
„ამ პროცესში ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა. ყველანი უნდა ვიყოთ მადლობლები ამ ჟურნალისტების რომ აქამდე მოიტანეს ეს ტელევიზია, რომ არა მათი ბრძოლა უფრო ადრეც დასრულდებოდა ეს პროცესი, კარგს არაფერს ველოდები. ველოდები რომ გიორგი კოხრეიძე ბოლომდე მიიყვანს ამ გეგმას და ჩვენ წინასაარჩევნოდ გვექნება პროსამთავრობო საზოგადოებრივი მაუწყებელი“,-აცხადებს ნატა ძველიშვილი.
მორიგი მსხვერპლი - ასე აფასებს ექსპერტების ნაწილი მალხაზ რეხვიაშვილის მიმართ ჩადენილ ქმედებას. ნათია კაპანაძის თქმით, მალხაზ რეხვიაშვილის ეპიზოდი დანაშაულის მხოლოდ ერთი ნაწილია.
„მალხაზ რეხვიაშვილის ეპიზოდი არის ერთ-ერთი დანაშაულების მთელი კასკადიდან, რომელიც არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. მაქვს მოლოდინი, რომ ერთ დღესაც მთელი ამ მოცემულობიდან გამომდინარე მივიღებთ სათანადო სამართლებრივ რეაგირებას, თუმცა დღეს ვხედავთ რომ ემზადებიან შემდეგი მსხვერპლისთვის ანგარიშსწორების მიზნით“,-განაცხადა ნათია კაპანაძემ.
ასევე, ექსპერტების შეფასებით ხელისუფლება ცდილობს წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისგან მოასუფთავოს.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მერამდენე კომენტარი უნდა ვაკეთოთ, მათ არ აინტერესებთ ვიღაცეების მოცილება უნდათ და ძალიან უხერხულია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიაში, როდესაც ესე იქცევიან“,-აცხადებენ მედიაექსპერტები.
შეგახსენებთ, Facebook გვერდზე თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი მალხაზ რეხვიაშვილი დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა.