logo
ENG



მედიათავისუფლება, სასამართლო და ა.შ. - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში

12 მარ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების“ კრიტიკა ვაშინგტონის მიმართ ახალ მასშტაბებს იძენს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მმართველმა გუნდმა უზუსტობების შემცველი უწოდა. სამთავრობო კორუფცია, შეუსრულებელი დაპირებები, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არსებული ხარვეზები, ზეწოლა მედიაზე და არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციების დასაშლელად, - ყველაფერი ის, რასაც აქამდე ამერიკა დემოკრატიის გზიდან გადახვევად აფასებდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს თანამშრომლობას უკვე დარტყმას აყენებს. 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ნიკა გვარამია -  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში იმ სამართლებრივ საქმეებზე წერია, სადაც შესაძლოა პოლიტიკური მოტივი  იკვეთებოდეს. დოკუმენტში მოხვდა „გავრილოვის ღამეს"  დაკავებულების სამართლებრივი დევნა, რომელსაც  ადგილობრივმა ორგანიზაციებმა „პოლიტიკური" უკვე უწოდეს. თუმცა, 20 ივნისის მოვლენები ანგარიშში მხოლოდ ამ საქმეების გამო არ შესულა. დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ  არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ.

ვაშინგტონს არც მოსამართლეთა ხმაურიანი შერჩევა გამორჩენია. წერია, რომ მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლისგან დაცულები არ არიან. ნახსენებია კონკრეტული გვარებიც. მათ შორის არის ლევან მურუსიძე. 

სამართლებრივთან ერთად დოკუმენტში პოლიტიკურ მოვლენებზეც წერია. მათ შორის არის შეუსრულებელი დაპირება  პროპორციულ  სისტემასთან დაკავშირებით. ის რის გამოც ხელსიუფლებას  სენატორები და კონგრესმენებიც უმწვავესად აკრიტიკებდნენ. მათ „ოცნება" არაინფორმირებულ , ცალკეულ პირებად მოიხსენიებდა. ახლა უკვე კრიტიკა საკანონმდებლო ორგანოს გასცდა. თუმცა „ოცნება“ უკან დახევას არც ამ შემთხვევაში აპირებს და ამტკიცებს რომ დოკუმენტში უზუსტობებია

„ოცნებისგან" განსხვავებით ოპოზიცია ანგარიშს შემაშფოთებელს უწოდებს. დასკვნა, რომელსაც შესაძლოა ამერიკასთან პარტნიორობის შეწყვეტა და ქვეყნის განვითარების შეჩერება მოჰყვეს - პოლიტიკური პარტიების პროგნოზი საგანგაშოა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მედია თავისუფლებაზეც წერია. მათ შორის მოხვდა „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე ხმაურიანი პროცესი და „რუსთავი2-ის“ საქმე, სადაც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთებოდეს. 


close დახურვა