logo
ENG



მედიაკოალიცია: ევროინტეგრაციისთვის უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა

19 ივნ 202214:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/19/7ahosek9s288j7g.jpg

მედიის ადვოკატირების კოალიცია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას ახსენებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.

მედია კოალიციის თქმით, 19 ივნისს TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ცალსახად უკავშირდება მათ ჟურნალისტურ საქმიანობას.

„2022 წლის 19 ივნისს, ქალაქ ბათუმში, TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ნაცემია ოპერატორი თემურ ზოიძე, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ TV პირველის სარედაქციო პოლიტიკა. ამდენად, თავდასხმა ცალსახად უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას“ - წერია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, საქმე უკვე გადაეცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. მათი თქმით, ვინაიდან გაჭიანურებული საგამოძიებო პროცესები ახალისებს მედიის წინააღმდეგ ახალი დანაშაულების ჩადენას, ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, საქმე სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ და ამ პერიოდში ჟურნალისტები შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვან.

მედიაკოალიციის თქმით, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ფაქტს, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ჟურნალისტების პროფესიულ პატივისცემას და "მთავრობის წევრებმა უნდა შეცვალონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა".

„კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა“ - აცხადებს კოალიცია.

TV პირველის ინფორმაციით, გუშინ ღამით, ბათუმში, მათ ოპერატორს თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე მოქალაქე მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

close დახურვა