კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისიმა მიღებამ შესაძლოა მედიაგარემოს ზიანი მიაყენოს.
კოალიცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ დაუშვან კანონპროექტის დამტკიცება.
„მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონპროექტის დამტკიცება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით.
მოვითხოვთ კომუნიკაციების კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საქართველოს პარლამენტმა განიხილოს მაუწყებლების, ავტორიზებული პირების, შიდა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით“,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.