კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის, ვლადიმირ ზოლკინის საქართველოში არ შემოშვებასა და მისი უფლებების შეზღუდვას საგანგაშოდ მიიჩნევს.
მედიაკოალიციის განცხადებაში წერია, რომ გუშინ, 18 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი, ვლადიმირ ზოლკინი, საქართველოში არ შემოუშვეს. მესაზღვრეებს უარის მიზეზი არ განუმარტავთ.
თავად ზოლკინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ მას საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა. მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი კი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადება იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვების პირველი შემთხვევა არ არის. 27 ოქტომბერს ჟურნალისტ დიმიტრი გორდონსა და მისი მეუღლეს, რედაქტორ ალისია ბაცმანს ქვეყანაში შემოსვლაზე ასევე უარი უთხრეს.
მედიაკოალიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ჟურნალისტებს გადაადგილებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულების უფლება მისცენ და ჟურნალისტების საზღვართან შეფერხების მიზეზები დროულად განმარტონ.
„კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულად გაკეთდეს სათანადო განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით“, - წერია მედიაკოალიციის განცხადებაში.