logo
ENG



მედიაკოალიცია პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს

06 სექ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 
მედიაკოალიცია პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმს სთავაზობს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ეხმიანება თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის დებატებში მონაწილეობას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიიღებს, ასევე, იმ ფაქტს, რომ რეგიონული ტელევიზიების ნაწილმა უკვე მიიღო უარი მმართველი პარტიის კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე. 

კოალიცია პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ დებატებში მონაწილეობა დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ელემენტი და ამომრჩევლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმა კი ეწინააღმდეგება დემოკრატიის ზოგად პრინციპებს და აბრკოლებს მოქალაქეთა უფლებას გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

აქედან გამომდინარე, კოალიცია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ მედიების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა ფორმატში, პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებას, გაეცნოს მერობის კანდიდატთა ხედვებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

ამასთანავე, კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს სთავაზობს მემორანდუმის გაფორმებას, რომელზე ხელმოწერაც მოიცავს პასუხისმგებლობას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მშვიდობიან - არაძალადობრივ და არადისკრიმინაციულ გარემოში.

მემორანდუმის ტექსტი: 

პატივს ვცემთ საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ.

ვცნობთ და ვაღიარებთ ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საჭიროებას და ამ ვალდებულებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების გამართვის და მასში მონაწილეობის აუცილებლობას.

ვიაზრებთ, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების სწორ და ზუსტ, მიუკერძოებელ და სამართლიან გაშუქებასთან.

მიუღებლად ვაცხადებთ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმს.

ვაღიარებთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და თანხმობას ვაცხადებთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის ვალდებულების შესრულებაზე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ქალთა მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, დებატებში ქალი კანდიდატების წარმოდგენას.

ვგმობთ, მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმას.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკური აქტივისტებს და მხარდამჭერებს პატივი სცენ მედიის პროფესიულ ვალდებულებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

ვთანხმდებით, რომ საარჩევნო უფლების მიმართ მრავალმხრივი ვალდებულების ფარგლებში, მიუკერძოებელი და სამართლიანი გაშუქების სტანდარტის უზრუნველსაყოფად, მხარეები გამოიყენებენ მაუწყებელთა თვითრეგულირების ეფექტიან მექანიზმს ან/და მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს.

* შენიშვნა: საარჩევნო საკითხებზე საჩივარი/განცხადება განიხილება დაჩქარებულად - 7 სამუშაო დღის ვადაში

პარტიებს მემოდანდუმს სთავაზობენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • უფლებები საქართველო
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF

close დახურვა