მედიის ადვოკატირების კოალიცია ტვ პირველის მფლობელზე ვატო წერეთელზე ქართული ოცნების დეპუტატების თავდასხმას ეხმაურება და პარლამენტის წევრების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით შეშფოთებულია.
ამასთან, კოალიცია ასევე "შეშფოთებულია ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას".
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე ქართული ოცნების წევრები ტვ პირველის მფლობელს ვატო წერეთელს თავს დაესხნენ.
ტვ პირველის ინფორმაციით, ვატო წერეთელს თავს დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ირაკლი ზარქუა დაესხნენ.
წერეთლის თქმით, ანრი ოხანაშვილი მას უყვიროდა და "საქმეს ურჩევდა", რის შემდეგაც ოცნების დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, სახეში ურტყამდნენ და წერეთლის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა ჭიქაც ესროლა.
ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე Facebook-ზე წერს, რომ გაშველებს დროს დაზიანებები მიიღო, ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.