მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქციას აწყობენ. აქციის მონაწილეები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი.
მედიის წარმომადგენლებმა ორი მოთხოვნა გააჟღერეს - თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.
"საგამოძიებო ორგანოების მიზანი პირველივე დღიდან არ ყოფილა, რომ რეალური დამნაშავეები დაესაჯათ. მათი მთავარი მიზანი პირველივე წუთიდან გახდა ის, რომ როგორმე პასუხისმგებლობა აეცილებინათ, როგორმე ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეენარჩუნებინათ სკამი", - ამბობს TV პირველის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე.
5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორისაა TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის საქმეებზე 23 პირია დაკავებული.