მედიის ინფორმაციით, აშშ-მ დრონით ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი ტერორისტის მანქანა დაბომბა. მანქანაში ასაფეთქებელი საშუალებები იყო.
Reuters-ის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლების თქმით, ტერორისტი აეროპორტში აფეთქებას გეგმავდა. სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავიაიერიშის შემდეგ ქაბულში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, რაც, აშშ-ის სამხედრო პირების თქმით, ადასტურებს, რომ მანქანაში ასაფეთქებელი საშუალებები იყო.
რამდენიმე დღის წინ, 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 170 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთმა დანაყოფმა, ISIS-K-მა აიღო. 28 აგვისტოს აშშ-მა განაცხადა, რომ საპასუხოდ მათზე დრონებით საჰაერო იერიში მიიტანეს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის სპიკერის, კაპიტან ბულ ურბანის თქმით, პირველადი მონაცემებით, ნანგარჰარის პროვინციაში იერიშის შედეგად, სამიზნე ლიკვიდირებულია. მისივე განცხადებით, დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ ინფორმაცია არაა.
ISIS-K, იგივე ისლამური სახელმწიფო ხორასანის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემისტული დაჯგუფებაა, რომელიც ავღანეთში იმყოფება.