logo
ENG



მედპერსონალის ხელფასი ძალიან დაბალია - მედმუშაკების მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

04 მაი 202015:11
3 წუთის საკითხავი
clock 535
qinbg4imuvyvx0r.png

მედპერსონალის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა. როგორც სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პეტიციის შექმნელები ითხოვენ, რომ საქართელოს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების კანონპროექტს მინიმალური ხელფასის შესახებ.

პეტიციის შემქნელები ითხოვენ, დადგინდეს საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა (საქართველოში დასაქმებულ პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 45 % , რაც დაახლოებით 500 ლარია.)

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში მედპერსონალის ხელფასი ძალიან დაბალია. რიგ შემთხვევაში ერთ დამსაქმებელთან დასაქმებით მედპერსონალი ვერ უზრუნველყოფს მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი. ხშირია შემთხვევა, რომ აღნიშნული პირების ხელფასი უფრო მცირეა, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმი.შესაბამისად დასაქმებულებს უწევთ 2 ადგილას დასაქმება.

ამასთან არც კანონის დონეზე და არც კერძო თუ სახელმწიფო საავადმყოფოს დონეზე არ არსებობს დადგენილება ექთნებისა და პაციენტების რაოდენობრივ შეფარდებაზე. რეგულაციების არარსებობის პირობებში კვლევამ აჩვენა, რომ ყველა განყოფილებაში პაციენტთა რიცხვი ერთ ექთანზე საშუალოდ თერთმეტია. შესაბამისად ეს იწვევს ექთნების ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას. რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის როგორც დასაქმებულების ასევე პაციენტების ჯანმრთელობას.

დღეს კი დასაქმებულებს ორმაგი დატვირთვით მუშაობა უწევთ. რომ ამ პერიოდში მიუხედავად ორმაგი დატვირთვისა, მათი ხელფასი არ იზრდება.

ჩვენ ვითხოვთ, საქარველოს მთავრობამ საჯაროდ დადოს პირობა რომ პანდემიის დასრულებისთანავე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალ გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და დასაქმებულთა უშუალო ჩართულობით ჯეროვნად შესასრულებს წარმოდგენილი პეტიციის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქართელოს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების კანონპროექტს მინიმალური ხელფასის შესახებ. სასწრაფოდ დადგინდეს საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა (საქართველოში დასაქმებულ პირთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 45 % , რაც დაახლოებით 500 ლარია.)

მედპერსონალისთვის განისაზღვროს მინიმალური ხელფასი შედარებით გაზრდილი ოდენობა. (დაახ. 800 ლარი მაინც) რაც რეალურად გაზრდის საქართელოში დასაქმებულ მედპერსონალის ხელფასებს და მისცემს მათ ღირსეული ცხოვრების საშუალებას.

მკაცრად გაკონტროლდეს მედპერსონალის მიერ 24 საათის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა. საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განისაზღვროს ექთნებისა და პაციენტების რაოდენობრივი შეფარდების მაქსიმალური ზღვარი, რომელიც გაკონტროლდება მკაცრად“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა