მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და პარტია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 6 ივლისს ხელისუფლებამ პოლიციელები "უხერხულ მდგომარეობაში" ჩააყენა.
"გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. პოლიცია დააყენეს 48 საათის განმავლობაში, სამოქალაქო დაპირისპირებას აყურებინეს, პრაქტიკულად, ასე უმოძრაოდ აყურებინეს ამ პროცესებს. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებისთვის პოლიციის ღირსება არაფერს ნიშნავს. მადლობებს კი არ უნდა იხდიდნენ, პოლიციას უნდა უხდიდნენ ბოდიშს", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი გაათავისუფლეს.