logo
ENG



მეზვრიშვილი: მტკიცებულებები გვაქვს დარღვევებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით

27 ოქტ 202400:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/27/2jmpdrlnm9wxutp.jpg

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ეს დარღვევები იწვევს კითხვის ნიშნებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

"რეგიონებიდან მოდიოდა ცნობები, რომ მასიურად ადამიანებს ართმევდნენ პირადობის მოწმობებს იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი პირადობის გარეშე დაეტოვებინათ სახლებში და მათი პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა ადამიანებს მიეცათ უბნებზე ხმა. ჩვენ არ გვქონდა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, დღეს ეს ცხადი და ნათელი მტკიცებულება მოვიპოვეთ და ცალსახად დადასტურდა, რომ რეალურად სხვა ადამიანების პირადობის მოწმობების გამოყენებით სხვა ადამიანები აძლევდნენ ხმას.

აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რა ხდებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის კუთხით. ყველა უბანზე, მათ შორის სადაც მე მივეცი ხმა, მობილიზებული იყვნენ ძველი ბიჭები, კრიმინალები და ადამიანების ნებაზე ახდენდნენ ზემოქმედებას. უბნებზე ხდებოდა შევარდნები, ამაში ცდილობდა ოცნება ოპოზიციის დადანაშაულებას, ბაღდათში იყო მაგალითად ერთ-ერთი ასეთი უბანი და არსად ჩანდა პოლიცია მთელი დღის განმავლობაში. ადამიანებს კონკრეტული უბნებიდან ყრიდნენ გარეთ, ეს ადამიანები რეკავდნენ პოლიციაში და პოლიცია ამაზე არ რეაგირებდა.

დღის განმავლობაში ყველა დარღვევაზე დადუმებული იყო სახალხო დამცველი, ცესკოს თავმჯდომარე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურაც. აღარაფერს ვამბობ ხელისუფლებაზე და პოლიციაზე", - თქვა მეზვრიშვილმა.

მეზრვიშვილის თქმით, დაელოდებიან ცესკოს მხრიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებას, მანამდე კი, დღეს ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს.

"ამ დარღვევებმა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. ჩვენ დაველოდებით როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს, საბოლოო შედეგების გამოცხადებას ცესკოს მხრიდან, მაგრამ ასე გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით. მთელი ღამე ვაპირებთ მუშაობას, რომ ეს მტკიცებულებები, უკლებლივ ყველა მიეწოდოს როგორც ადგილობრივ დამკვირვებლებს, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებსაც პირდაპირ ვამბობ, რომ პირდაპირი გავლენა ჰქონდათ შედეგებზე. ჩვენ ამაზე პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ხვალ გაკეთებულ შეფასებებში ეს ყველაფერი ძალიან ნათლად აისახოს", - თქვა მეზვრიშვილმა.


close დახურვა