logo
ENG



მეზვრიშვილი: ოცნებამ დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო

06 აგვ 202411:24
3 წუთის საკითხავი
 

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 3 აგვისტოს ბათუმში ოცნების პარტაქტივმა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება დაიწყო.

მეზვრიშვილის თქმით, პარტიის არჩევნების დაცვის ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათ ქართული ოცნების მიერ მიგზავნილი მოქალაქეების ვინაობა დაადგინეს:

"ჩვენ დავადგინეთ მათი ვინაობა - როგორც მოსალოდნელი იყო, ჯგუფი, რომლის გასაღებასაც ოცნება კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობს, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი აღმოჩდა:

• ოცნების აქტივისტი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობის პირებთან დაახლოებული, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი და თორნიკე რიჟვაძის ნათესავი - მანუჩარ რიჟვაძე;

• მისი თანმხლები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები და ოცნების კოორდინატორები: ნუგზარ ინაიშვილი - ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი (ოცნების ზონის კოორდინატორი), ზურაბ მალაზონია - ბათუმის მერიის ბაღების გაერთიანების თანამშრომელი (ოცნების უბნის კოორდინატორი), გაბი კამაევი - ბათუმის საკრებულოს ოცნების ფრაქციის სპეციალისტი (ოცნების აქტივისტი).

მაშინ, როცა ხელისუფლება ხელს გვიშლის კანონიერი საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში და ჩვენთვის დღემდე ხელმიუწვდომელია სამთავრობო მედია-საშუალებები, ოცნება მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტურად უკანონოდ, შეუზღუდავ წინასაარჩევნო კამპანიას სასამართლო დარბაზიდან ატარებინებს, რასაც აქტიურად გადმოსცემს მის მიერ კონტროლირებადი მედიით.

მძიმე სანახავია, როგორ იყენებს ოცნება ნაცმოძრაობის იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს ოცნების წინააღმდეგ ნაცმოძრაობა იყენებდა და რასაც ოცნება ებრძოდა. არჩევნების დაცვის ჩვენი ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის"- თქვა მეზვრიშვილმა.


close დახურვა