პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.
როგორც ის Facebook-ზე წერს, პროკურატურაში დაიბარეს "შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე". ის უწყებაში დღეს მივა.
"პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
11 აგვისტოს ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარონ. მისი თქმით, შალვა პაპუაშვილს "არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და ტყუილების გავრცელება აბარია".