logo
ENG



მეზვრიშვილი ოცნებას: ამნისტია შეეხოს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს

09 ივლ 202411:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/0fzhz3q97k6vtso.jpg

პარტია საქართველოსთვის ქართულ ოცნებას მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებსაც შეეხოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს. ამნისტია ჰუმანური აქტია და ჰუმანურობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. რაც უფრო მეტ ბრალდებულს შეუმსუბუქდება მდგომარეობა სამართლიანად, მივესალმებით. 

ამასთან, ნებისმიერი ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი, უსამართლობაა, ამნისტია შეეხოს რეალური დანაშაულის ჩამდენ პირებს და არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი დანაშაული ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა. 

ციხიდან პატიმრების მასშტაბურმა გამოშვებამ არ უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა და დანაშაულის განმეორება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვხედავთ ძალადობის აშკარა მატებას, სრულ განუკითხაობას ქუჩაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებას და კრიმინალებთან ხელისუფლების პირდაპირ თანამშრომლობას.

ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ადამიანებს დაუკარგა უსაფრთხოების განცდა - ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ "გლოვოს" კურიერს, რამდენიმე კვირის წინ კი, 19 წლის ახალგაზრდა უბნის ე.წ. "მაყურებლებმა“ ცემით მოკლეს", - აღნიშნა მეზვრიშვილმა. 

ბრიფინგზე მეზვრიშვილმა დაასახელა რამდენიმე პირობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მისი თქმით, დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. 

"სამართლიანი ვერ იქნება ამნისტია, რომელიც არ არის დაფუძნებული ანალიზზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ოცნების მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ:

წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული; ამნისტია შეახოს რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია; დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს. ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, განვიხილოთ ოცნების მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, დანაშაულების სიმძიმის და კატეგორიების გათვალისწინებით", - თქვა მეზვრიშვილმა.

 

close დახურვა