logo
ENG



მეთიუ პერის დაღუპვასთან დაკავშირებით 5 ადამიანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს

15 აგვ 202422:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/9jfkubfnych2ojk.jpg

ამერიკელი მსახიობის მეთიუ პერის დაღუპვასთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მათ შორის მსახიობის ასისტენტი და ორი ექიმია.

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი 54 წლის ასაკში გასული წლის ოქტომბერში დაიღუპა. ის საკუთარი სახლის ჯაკუზიში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის ინფორმაციით, ექიმები მას კეტამინის დიდ რაოდენობას აწვდიდნენ და "ბ-ნი პერის დამოკიდებულების პრობლემა გასამდიდრებლად გამოიყენეს".

მეთიუ პერის თავის დამოკიდებულებაზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მომენტში პერი შფოთვისა და დეპრესიის გამო კეტამინის ინფუზიურ თერაპიას გადიოდა, თუმცა ექსპერტებმა მის ორგანიზმში კეტამინის გაცილებით მაღალი დონე აღმოაჩინეს, ვიდრე ასეთი თერაპიის დროს არის დაშვებული.

მაისში ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა და ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებამ განაცხადეს, რომ საერთო სისხლის სამართლის გამოძიებაზე მუშაობდნენ იმის დასადგენად, როგორ მიიღო პერიმ პრეპარატი და რატომ აღმოჩნდა კეტამინის ასეთი დიდი რაოდენობა მის ორგანიზმში.

"ამ გამოძიებამ გამოავლინა დიდი იატქვეშა დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც პასუხისმგებელია ბ-ტი პერისთვისა და სხვებისთვის კეტამინის დიდი რაოდენობის მიწოდებაში", - თქვა პროკურორმა მარტინ ესტრადამ.

"ამ ქსელში შედიოდნენ ასისტენტი, სხვადასხვა შუამავალი, ორი ექიმი და მედიკამენტების ძირითად მიმწოდებელი, რომელიც ცნობილია, როგორც "კეტამინის დედოფალი", - თქვა ესტრადამ.

"მათ იცოდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ. მათ იცოდნენ, რომ რასაც აკეთებდნენ, დიდი რისკის ქვეშ აყენებდა ბ-ნ პერის, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. საბოლოოდ, მოპასუხეები უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი პერისგან მოგების მიღებით, ვიდრე მის კეთილდღეობაზე ზრუნვით", - აღნიშნა პროკურორმა.

დოკუმენტების თანახმად, კეტამინის შეძენაზე მსახიობის პირადი ასისტენტი, კენეტ ივასამასაა პასუხისმგებელი. 

Times-ის ინფორმაციით, ჯასვინ სანგჰა, რომელსაც პროკურორებმა "კეტამინის დედოფალი უწოდეს", და ექიმი სალვადორ პლასენსია, რომელიც ცნობილია, როგორც "ექიმი პ", ბრალეულებს შორის არიან.

გარდა ამისა, ბრალდებულია ექიმი მარკ ჩავეზი და ერიკ ფლემინგი, რომელიც პერის ნაცნობი იყო.

გამოძიების დოკუმენტების თანახმად, აღმოჩენილია პლასენსიასა და ჩავეზის მიმოწერა, სადაც პერისთვის კეტამინის შეძენა განიხილებოდა. პალენსიას ტექსტური შეტყობინება: "საინტერესოა, რამდენს გადაიხდის ეს იდიოტი".


close დახურვა