იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. დღის წესრიგში ერთი საკითხია: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სერგო მეთოფიშვილის ადგილმონაცვლის არჩევა. მეთოფიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წვერობის დროს გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით და აგრესიით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ტრადიციას არც დღეს არ უღალატა. მან არასამთავრობოები იმ შენიშვნების გამო გააკრიტიკა, რომლებიც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის პროცესის ბუნდოვანების გამო გამოხატეს. მეთოფიშვილი არასამთავრობოებს მოუწოდებს ბოდიში მოიხადონ, რადგან მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შალვა თადუმაძე უნდა გამხდარიყო, არ გამართლდა.
„იმდენად უაზრო განცხადებებია, რომ კიდევ ვიკავებ თავს. თვითონ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა იმ პროცედურას, რაზეც ჩვენ წავედით და კონსულტაციები გავმართეთ უზენაეს სასამართლოსთან.
არასამთავრებოებს რატომ ჰქონდათ ეს მოლოდინი, არ ვიცი, ძალიან ხშირად შეცდომას უშვებენ, გვლანძღავენ, მერე მაგათი პროგნოზი არ მართლდება და ეს ლანძღვა გვრჩება. მოიხადონ მაშინ ბოდიში.
თადუმაძის კანდიდატურაზე კონსულტაციები იყო, თუმცა ქადაგიძე გამოცდილებით, კვალიფიკაციით და კარიერული წარმატებებით ვამჯობინეთ.
ნაზი ჯანეზაშვილთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საბჭოს სხდომაზე არკვევდა საკითხს, მოსამართლის აპარატის შემადგენლობაში თანაშემწედ თუ შემოდის. მეოთხე წელია ეს ადამიანი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ გაარკვია დღემდე მოსამართლის აპარატში რა შემადგენლობაა და ვინ შედის. ასეთი დაბალი დონის კვალიფიკაციის საბჭოს წევრი სატირალია ალბათ. ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ სასამართლო ჰყავდეს ჯიბეში, ოპოზიციაც ნაადრევად რაღაცებს გეგმავს. ეს ხელისუფლებაც ცდილობდა 2012-13 წლებში ამას. ჩემი პოსტები, რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, ვისზეა საუბარი, არ მინდა დავასახელო. ისინი აღარ არიან დღეს სასამართლოს ხელისუფლებაში“, - აცხადებს მოსამართლე და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი.
იყო თუ არა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მეთოფიშვილისგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უარყო. ის ამბობს, რომ ოფიციალური ვერსია ეს არ ყოფილა და მხოლოდ იუსტიციის საბჭოს გარეთ გავრცელებული ვერსიები იყო. რაც შეეხება ნინო ქადაგიძეს, მისი თქმით, ის კანდიდატად კვალიფიკაციის გამო შეარჩიეს.
„ჩვენ გაგვაკრიტიკეს იმის გამო, რომ გავმართეთ კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან. მიგვითითებდნენ, რომ ეს კანონით არ არის მოწესრიგებული და საბჭოს არ აქვს უფლება, რომ კონსულტაციები გამართოს. მეორედ გაგვაკრიტიკეს იმის გამო, თუ რატომ გაიმართა ეს კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა, თუმცა, ამავდროულად, ვისმენთ დადებით შეფასებებსაც. ნინო ქადაგიძე არის უმაღლესი პროფესიონალი, აქვს სასამართლოს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება და მანამდე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. თავისი კარიერის განმავლობაში არაერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ იმსახურებს ამ პოზიციას“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკოლოზ მარსაგიშვილი არის წარდგენილი იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მეთოფიშვილი ჩაანაცვლოს. რაც შეეხება თავად მეთოფიშვილს, მას შემდეგ, რაც აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის კვლავ განაგრძობს საქალაქო სასამართლოში მუშაობას.