logo
ENG



მელაშვილი მისი გამოშვების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლაზე: ამას მირჩევნია ციხეში შემაბრუნონ

28 იან 202119:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/28/03krbb1es4rahrq.jpg

ივერი მელაშვილი მისი საპატიმროდან გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის, თუმცა აცხადებს, რომ არ სურს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგანი გახდეს და არ მიესალმება მისი გათავისუფლების გამო რომელიმე პარტიის მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტზე ხელის აღებას. 

მელაშვილი აცხადებს, რომ ბოიკოტის იდეას მხარს უჭერს, ვინაიდან მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამბობს, რომ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია და რომ ეს, მისი აზრით, არის ერთადერთი გზა გამარჯვებისკენ. 

"ეს არის ხალხის ერთობლივი გადაწყვეტილება. თითოეული პარტია ვალდებულია, რომ ეს პირობა დაიცვას", - ამბობს მელაშვილი, - "მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ვიღაცამ დამსახურება მიიწეროს, რომ, აი, მე რაკი დავაყენე საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, ეს არასწორია. არ მინდა ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე.". 

მელაშვილი მის მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და თხოვს მათ, შეასრულონ დადებული პირობა. 

"ვთხოვდი, გინდა ელისაშვილს, ვინც გინდა იყოს, დიდი მადლობა ბატონებო მხარდაჭერისათვის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ღირებულება. რაკი მოილაპარაკეთ, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ ეს მოლაპარაკება. ასე მიაღწევთ წარმატებას, თუ მიაღწევთ და ასე მიაღწევს ქვეყანა წარმატებას. თუ ამას ვერ ასრულებთ, თავი დაანებეთ იმას, რომ, აი, მელაშვილი გამოუშვეს და ამის გამო პარლამენტში შევალ, ნურას უკაცრავად", - ამბობს მელაშვილი.

მელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე ვაჭრობის საგნად ქცევას ურჩევნია კვლავ საპატიმროში დაბრუნდეს. 

"წამიყვანონ უკან და ჩავჯდები. ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინმემ გამომიყენოს იმისთვის, რომ აი გამომიშვეს და პარლამენტში შევა", - ამბობს მელაშვილი. 

დღეს კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი და მისი თანაგუნდელის, ლევან იოსელიანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგი იყო. 

ელისაშვილმა ასევე ქვა, რომ ილიჩოვასა და მელაშვილის გათავისუფლება პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებულ რეალობას მნიშვნელოვნად ცვლის. 

"რა თქმა უნდა ცვლის რეალობას", - განაცხადა მოქალაქეების ლიდერმა, - "დღევანდელი გათავისუფლება ბატონი მელაშვილის და ქალბატონი ილიჩოვასი, რა თქმა უნდა, ცვლის ყველაფერს". 

 


close დახურვა