logo
ENG



ელისაშვილი ამბობს, რომ მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია

28 იან 202116:59
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი ამბობს, რომ მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგია.

ელისაშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების გაგრძელებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

"ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!", - წერს ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ​კარტოგრაფების საქმე არ განიხილება. მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.


close დახურვა