ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მისცეს.
როგორც მარიკაშვილი Facebook-ზე წერს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დღეს ჩატარდება.
"ივერი მელაშვილის საქმეზე, 1:30 სთ-ის წინ გამოვედი პროკურატურიდან, მასალები გადმომცეს. მოვედი ოფისში და დავიწყე საქმის მასალების გაცნობა და ახლა ვიგებ, რომ 7 საათზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა ჩატარდება. ამ დროში მოსამართლე 7 ტომ საქმეს გაეცნობა, პროკურატურა რამდენიმე თვე მუშაობდა ამ საქმეზე და ემზადებოდა და დაცვის მხარეს 1 საათიც არ მაქვს მოსამზადებლად აღკვეთის ღონისძიებისთვის", - წერს ადვოკატი.
დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა გუშინ, 7 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.