CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე ფორმულას ფოტოგრაფ ვახო ქარელის სუს-ში დაბარებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის აქტიური ადამიანების სისტემური დევნის კიდევ ერთი ეპიზოდი.
მელაძის თქმით, ასეთი ეპიზოდი კიდევ ბევრი იქნება.
"ეს არის აქტიური ადამიანების მიზანმიმართული, სისტემური დევნის კიდევ ერთი ეპიზოდი და ასეთი ეპიზოდი იქნება ბევრი, გაგრძელდება არჩევნებამდე და შეაწუხებს არა მარტო მათ, ვისაც სუს-ი ერჩის, არამედ მათაც, ვინც ამ ყველაფერს დღეს გულგრილად აკვირდებიან", - წერს მელაძე.
დღეს, 11 ოქტომბერს "გადატრიალების" საქმეზე ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
მანამდე სუს-ში გამოკითხეს ორგანიზაცია CANVAS-ის სამი წევრი სერბეთიდან, ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორი გიორგი მელაძე და ორგანიზაციის წევრი ნინი გოგიბერიძე.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს-მა ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.