logo
ENG



მელია: ამის თავი არ აქვთ და ვერ დამიჭერენ

15 თებ 202112:04
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას თავი არ აქვს და მას ვერ დაიჭერენ.

მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან უკვირს, "რატომ ბაქი-ბუქობენ იმ საკითხზე".

"მივმართავ ივანიშვილის გუნდს, განსაკუთრებით მის დეპუტატებს და მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდისო, ხომ არ გადავიხადე გირაო და ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი? მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ქართულ ოცნებაში? მე.

ამიტომ ახლა როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მელიას. მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი. კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ", - თქვა მელიამ.

ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, პროკურატურამ კი მისი დაპატიმრების ნებართვისთვის პარლამენტს მიმართა. პარლამენტი ამ საკითხზე, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში იმსჯელებს. ქართული ოცნების განცხადებით, ისინი იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ.

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. სამაჯური, პროტესტის ნიშნად, მელიამ აქციაზე მოიხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა