logo
ENG



მელია: აქ მყოფი მრავალეთნიკური ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურად აცხადებს

08 ნოე 202017:00
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილ ხალხს მიმართა და უთხრა, რომ იქ შეიკრიბა "ნამდვილი სახალხო კრება, მრავალეთნიკური ქართველი ხალხისა", რომელიც [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურ ხელისუფლებად აცხადებს. 

მანვე მიმართა პროტესტის მონაწილეებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათივე თანდასწრებით მოიპარა ქვეყანა და მისი მომავალი.

"ჩვენი დიდი ხალხის და ქვეყნის ამაყი და უდრეკი შვილები შევიკრიბეთ, მაგრამ ძალიან განრისხებული შვილები შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ჩვენი წინამორბედი თობების მთელ მონაპოვარს წყალში გადაყრას უპირებს ოლიგარქი. თავისუფლებას გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს, მომავალს ძარცვავს. მეგობრებო, ამ ყველაფერს ჩვენს თვალწინ აკეთებს, ჩვენი თანდასწრებით.

იქვე ვართ, ვხედავთ და სანამ ეს ადამიანი ჩვენ თავისუფლებას გვინადგურებს, ქვეყანას გვპარავს და მომავალს ძარცვავს, ჩვენი თანდასწრებით, არ გვეწყინოს, ჩვენ არა უბრალოდ ვხედავთ ამას, არამედ, თანამონაწილეები ვართ ამ ბოროტებისა. ჩვენ ვიღებთ ამ ბოროტებაში მონაწილეობას და მივიღებთ მანამ, სანამ ურყევად, მედგრად, აუღელვებლად, მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ წინ არ აღვუდგებით", - განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას. 

ნიკა მელიამ, ასევე მიმართა შეკრებილებს, რომ მთავარია მათი პროტესტის სიმტკიცე და ის, რომ "ფარსადქცეულ არჩევნებს" უთხრან უარი:

"ვუთხარით უკვე უარი. მის მიერ დაწერილ შედეგებს ვეუბნებით უარს და რა გავაკეთოთ? მარტო ვისაუბროთ, ვისაუბროთ, ვისაუბროთ... ამ რეალობას რომელიც შექმნილია: ინტერნეტი გათიშა, აეროგადაღება ვერ ხორციელდება, ვერცერთი ტელევიიზის მიერ, რომ ის ზღვა ხალხი ვერ დიანახოს. აქაც აყალბებს, გვეუბნება, რომ მერე რა? შეგცივდებათ, სიო დაუბერავს, მოგშივდებათ, სახლი მოგენატრებათ და სახლებში წახვალთ. შევეგულოთ? მივიღოთ? ღირსება შევილახოთ მანამ, სანამ არ დაიღლება ბიძინა ივანიშვილი? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიმტკიცე". 

ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. 

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 


close დახურვა