logo
ENG



მელია: გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი - 20-ში, რუსთაველზე!

15 ივნ 202200:01
3 წუთის საკითხავი
 
მელია: გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი - 20-ში, რუსთაველზე!
გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს ჩანიშნულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ "გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი".

მელიას თქმით, 20 ივნისის აქციის დაგმობით, ზურაბიშვილი ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას ახდენს. 

"სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე - და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?!

არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?!

20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას. იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს აი იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს.

გაუგებარია რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი პრეზიდენტი, თუმცა სრულიად გასაგებია რა არის ქართველი ხალხის ნება - ევროპული მომავალი!

20 ივნისს, 20 საათზე, რუსთაველზე!, - წერს მელია. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს რიყეზე, ევროპის მოედანზე აქცია დააანონსა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას მიმართა, გადადოს 20 ივნისის დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

სირცხვილიას აქცია 20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.


close დახურვა