logo
ENG



მელია: გელოდებით, 15 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, გადავდოთ ყველა საქმე

18 ნოე 202120:27
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, სამ ლოკაციაზე დაგეგმილი აქცია-მსვლელობა უქმდება და გაიმართება ერთი მასშტაბური აქცია. კერძოდ, მოქალაქეები 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. 

მელიამ მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. 

"ვაუქმებ ხვალისთვის დაგეგმილ აქცია-მსვლელობას 3 ლოკაციაზე. ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის საფრთხის ქვეშ, გელოდებით 15 საათზე რესპუბლიკის მოედანზე.

ყველას გთხოვთ, გადავდოთ ყველა ჩვენი საქმიანობა, და გამოვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე. სააკაშვილის მკვლელობა არის სახელმწიოს მკვლელობა მრავალი წლით. მთავარი სამუშაო ადგილი არის ხვალ, რესპუბლიკის მოედანზე. ვიკრიბებით კონკრეტული გეგმით, რომელსაც ხვალ გაგაცნობთ. ხვალ 15:00 საათამდე, გადაიყვანეთ, რომელიც დატყვევებული გყავთ, სამოქალაქო კლინიკაში", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მანამდე, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. როგორც ბასილაიმ გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკაცით გადაიყვანეს.  მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. 

სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. ექსპერტებმა შეისწავლეს დაწესებულება, მისი აღჭურვილობა და პეროსნალსაც გაესაუბრნენ. 

"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­დებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", - აღნიშნულია დასკვნაში.


close დახურვა