ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ ყრილობას ეხმაურება, მას "ტექნიკურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "დღეს, ენმ-ში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა".
მელია Facebook-ზე წერს, რომ ყრილობაზე დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, "სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი".
"ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე. "ტექნიკური ყრილობის" დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ "გასაოცარ დემოკრატიასთან", მივიდნენ....
ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22-წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი "მეგობრებით" ჩაანაცვლეს. ყოველივე ეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს.
ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია - მიუხედავად იმისა ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა - ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები "მცირესა და ტექნიკურს" უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა.
ისე რომ "ტექნიკური ყრილობის" მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ კრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს - დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი. თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას სამწუხაროდ ავიწყდებათ - პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება", - წერს ნიკა მელია.
***
დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართა, რომელზეც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს. გარდა ამისა, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გახდა.
დღევანდელ ყრილობას არ ესწრებოდა ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ის არც ახალი პოლიტსაბჭოს სიაში შეიყვანეს.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.