ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის არც ერთი წევრი პარლამენტში არ შევა. ამასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში გაყალბებული არჩევნების შემდეგ შესვლა, საკუთარი ხალხის ღალატი იქნება.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მიუღიათ, რომელიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მათ აზრს შეაცვლევინებდა.
"როგორც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ, ქართული ოცნების ოცნება. ანუ ნაციონალური მოძრაობა არ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არანაირი წინადადება ქართული ოცნების მხრიდან არ მიგვიღია, ელჩების მეშვეობით, რომელიც გადაწყვეტილებას შეგვაცვლევინებდა", - განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.