ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მმართველი გუნდი პასუხს აგებს.
როგორც მელიამ აღნიშნა, ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან წასვლის გარდა სხვა გამოსავალი არ ექნება.
"ეს რეჟიმი აუცილებლად პასუხს აგებს და დაისჯება წელსვე. არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც ქართული ოცნება იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა. ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე და კრიმინალებზე როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში... უკან დახევა არ იქნება. იქნება ურყევი, ძალიან მტკიცე ბრძოლა გამარჯვებამდე. რაც არ უნდა მუშტები იქნიონ, რამდენიც არ უნდა მოკლან, იძალადონ, მკვლელობის შემდეგ ტომარაში ჩატენონ და მერე მოიტაცონ, ვერანაირად გავლენ სამშვიდობოზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, "ყველაფერი, გარდა რეჟიმის დამარცხებისა, მესამეხარისხოვანი და არასერიოზულია".
"დავინახეთ, გუშინ რა არის მათი რეალური სახე. როდის იქნევ მუშტს და გადმოდიხარ ჩხუბზე? როდესაც სათქმელი არაფერი გაქვს არათუ შენი ოპონენტისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მთელი სახელმწიფო აპარატი და მთელი ფული იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის, ამას აკეთებს ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ქართული ოცნება და ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს მართვის სადავეებს? ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს", - აღნიშნა მელიამ.
5 ივლისს, 18:00 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა დილიდან ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაზიანდა 53 ჟურნალისტი, მათგან რამდენიმე მძიმედ.
სასტიკად სცემეს TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასაც, რომელსაც სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ცემიდან 5 დღეში, 11 ივლისის გამთენიისას ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი იპოვა.
ლექსო ლაშქარავას დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.