„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წყენა უნდა დაივიწყონ და ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ.
მელიას თქმით, ის ისურვებდა ალეკო ელისაშვილის საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად.
„მე ვისურვებდი, რომ ალეკო ელისაშვილი ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში. ძლიერი კანდიდატია, ადამიანი, რომელსაც შესწევს ძალა, პირველივე ტურში დაამარცხოს „ქართული ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი. იმხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რასაც ჰქვია ოლიგარქი, რომ აქ უბრალო წყენაც უნდა გადავდოთ დროებით. არ შევრიგდეთ, მოვრიგდეთ, რათა ქვეყანას კვლავ შევუნარჩუნოთ დემოკრატიული გზით განვითარების შანსი. მე იმედს ვიტოვებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ რც შეიძლება ფართო იყოს რვა ოლქში წარმოდგენილი“, - განაცხადა მელიამ.
დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ კანდიდატები შეათანხმა და დღეიდან ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმს იწყებს. რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შედეგს 20-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი ისტორიულს უწოდებს. ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე; გლდანი - ნიკა მელია; სამგორი - ლევან ხაბეიშვილი; ისანი - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, - 5 პარტიის 6 კანდიდატი ასე გამოიყურება.
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებას გამოეყო და ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ახალ გაერთიანებაში არ გამორიცხავენ რომ პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად იქცეს, თუმცა რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ჯერ არ აკონკრეტებენ.