ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში დამარცხებულად გამოაცხადა. შედეგად, ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.
"სანამ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი: მთელმა საქართველომ იცის, რომ ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა... გუშინ ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები, ასე ქურდულად და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა", - თქვა ნიკა მელიამ ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ზუგდიდიდან ჩაწერა.
მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა.
მანამდე, ენმ-ს საკრეებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი - 22.
ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.
ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება.
წითლიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს.