თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მონაწილეობას აღარ მიიღებს იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაში, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობებთან დაცვის ფუნქციას ასრულებენ. ამ ინიციატივის შესახებ მელიამ მთავარ არხზე ისაუბრა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისიტრო სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებზე ახალგაზრდებს კარისკაცებად აყენებს, რაშიც მელიას თქმითვე, გამგეობა მონაწილეობას არ უნდა იღებდეს.
"თავდაცვის სამინისტრო ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის დედაქალაქის მერიას ანუ თბილისის მერიას და სხვადასხვა გამგეობებს. მე თავად ვიყავი გამგებელი და ვერცერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო, ახალგაზრდა ადამიანი მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო და შემდეგ ეს ადამიანი გადააგზავნო რომელიღაც სამინისტროში", - თქვა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში თავდაცვის სისტემა უნდა გაძლიერდეს, თუმცა ეს მუნიციპალიტეტის საქმე არ არის და თბილისის მერიამ ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი უნდა თქვას.
"დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მოდულის შენობასთანკარისკაცებად და დარაჯებად ბატონ გომელაურს ახალგაზრდებს აღარ დავუყენებთ, არც ამ ხელისუფლებას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და არც არსად", - ამბობს მელია.