ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებს და ოპოზიციის მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროება მნიშვნელოვანია.
"მითქმა-მოთქმას ბოლო რომ მოეღოს, ალბათ მნიშვნელოვანია, გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიდის ამ დღეების განმავლობაში, რაზე არის ქართული ოცნება წამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია ან არ თანხმდება, ვინ თანხმდება ან ვინ არ თანხმდება. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დაესმება დღეს". - თქვა ნიკა მელიამ ლელოს ოფისში კონსულტაციების დაწყებამდე.
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა.
მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.
- შეთავაზებაზე, რომლის დოკუმენტიც ფორმულამ მოიპოვა, ვრცლად წაიკითხეთ აქ.
შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.
ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.