ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისაღებია, გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები.
ტვ პირველის ეთერში მელიამ თქვა, რომ ამასთან, მნიშვნელოვანია, საკრებულო ოპოზიციონერების მიერ იყოს დაკომპლექტებული.
"ვფიქრობ, გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება. ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, რათა ქართულმა ოცნებამ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. დავხვდეთ შემხვედრი წინადადებით. იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. ჩვენ მათ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად.
მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, იყოს ოპოზიციური. ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერს, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ ქართველმა ხალხმა, რომ ქართულმა ოცნებამ ფული არ მოიპაროს". - თქვა მან.
მელიასვე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოზიციური პროგრამები შეჯერდეს და ოპოზიციამ უპასუხოს საზოგადოების საჭიროებას.
"ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ.
ჩემთვის მიუღებელია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე იყოს ოპოზიციონერი, ხოლო ქართული ოცნების წარმომადგენლები დავასახელოთ სხვადასხვა თანამდებობებზე". - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე.
გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათი პარტია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არის წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავისი კანდიდატები წარადგინა.
თუმცა, 3 დეკემბრის სხდომებზე რამდენიმე მუნიციპალიტეტში სხდომები ჩაიშალა და თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ეს მოხდა რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, სენაკსა და წალენჯიხში.