ქვეყანაში პანდემიის დროს შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება რომ საკუთარ მომხმარებლებს ესარგებლათ სამთვიანი საშეღავათო პერიოდით თუმცა რა მოხდება სწორედ ამ სამი თვის გასვლის შემდეგ, როგორ შეძლებენ მომხმარებლები არსებული სესხების დაფარვას და ყოველთვიური პროცენტის გადახდას მაშინ როდესაც უმრავლესობა შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და სახელმწიფო მხოლოდ 200 ლარიან დახმარებას იმეტებს მათთვის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მიმართავს რომ საბანკო სექტორთან ერთად იმუშაოს. როგორც პარტიის წევრი, ნიკა მელია აცხადებს პანდემიის დროს საქართველოს ბევრი მოქალაქე უმუშევრად დარჩა და მათ არ აქვთ თანხები, რომ ბანკის ვალები გადაიხადონ, სწორედ ამიტომ პარტია ხელისუფლებას საკრედიტო შენატანების ვალდებულების გადავადებისკენ მოუწოდებს.
„ეს სამი თვე იწურება ძვირფასო ბიძინა ივანიშვილი. სამი თვე იწურება ივნისის დასაწყისში და სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში 10-დან 7 მოქალაქეს აქვს საბანკო ვალი ექნება ვალდებულება გადაიხადოს უკვე პროცენტი, რომლის გადახდისაგანაც თქვენ კი არ გაათავისუფლეთ, უბრალოდ ტერმინირებული იყო და ივნისში თვიდან კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ მათ. ეს ხალხი ვერ გადაიხდის ქვეყანაში არ არსებობს ფული, რომ მოქალაქე მოვიდეს ბანკში და გადაიხადოს ვალი. სამი თვით გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება და მე ვფიქრობ ამაზე განცხადება უნდა გააკეთოს ან ბიძინა ივანიშვილმა ან ბატონმა გახარიამ უახლოეს დღეებში“,-ანაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. როგორც ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, ეს შეთავაზება ყველასთვის არ იქნება, მისი თქმით მუშაობა მიმდინარეობს გარკვეული მოწყვლადი ჯგუფის იდენტიფიცირებისთვის. რაც შეება ბიზნეს სექტორს. საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ამ შემთხვევაში დაწყებულია გარკვეული ინდივიდუალური შეთავაზებები.
„დღეის მდგომარეობით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე მასიურად და ყველასთვის არ იქნება აღნიშნული შეთავაზება. მიმდინარეობს მუშაობა გარკვეული მოწყვლად ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის. ბიზნეს სესხებთან მიმართებაში უკვე მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში განხილვა და გარკვეული რესტრუქტურიზაციის შეთავაზება. ბიზნესების კუთხით სამთვიანი გადავადება არ იქნება რელევანტური. კონკრეტულად შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ზოგს სჭირდება 2 თვიანი ზოგს 9 თვიანი. ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ძირითადად არის საუბარი იმ ადამიანებზე ვინც დაკარგა შემოსავალი და მათი იდენტიფიცირება არის ჯგუფურად შესაძლებელი,“-განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.