logo
ENG



მელია: ოცნებას ტყუილად აქვს იმედი, რომ ოპოზიცია მაშველი რგოლი იქნება

03 მარ 202009:15
3 წუთის საკითხავი
 

შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. კანონპროექტში საარჩევნო სისტემის ცვლილების შეტანამდე სულ ცოტა დრო რჩება. გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი დათმობაზე წავა, ნაწილი კი მიიჩნევს რომ „ქართული ოცნება" კვლავ მოატყუებს საზოგადოებას. ოპოზიციის სპექტრის მთავარ მოთხოვნად პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული საარჩევნო სისტემის შემუშავება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება რჩება.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდისგან მიღებულ ბოლო შეთავაზებას, რაც 40%-იან ბარიერს გულისხმობს, უარყოფითად აფასებენ. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, ოპოზიციის წევრები დარწმუნებული არიან, რომ საერთო მაჟორიტარებით ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში ხელისუფლების დამარცხებას მაინც შეძლებენ. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, გაერთიანებული ოპოზიცია ყველანაირი ვარიანტისთვის მზადაა.

„შეთანხმებას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ამ შემთხვევაში საზოგადოების დიდ ნაწილს შორის, რომლის ნებასაც მთელი ეს ჭრელი ოპოზიციური სპექტრი გამოხატავს, სჭირდება ივანიშვილის გონს მოსვლა და ორი პირობის შესრულება. ერთია, პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლის პირობის შესრულება და მეორე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. თუ გონს მოეგება ეს მოხდება თუ არადა, ამ ცუდი სცენარისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძეს თქმით კი, ოპოზიციამ არჩეული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანოს ბრძოლა გამარჯვებამდე.

„ივანიშვილის რეჟიმი არის საფრთხე როგორც საგარეო, ასევე შიდა ასპარეზზე. ოპოზიცია ერთიანია და საერთო გეგმით ვმოქმედებთ. სწორედ ის ვითარება, სადამდეც ოცნება მივიყვანეთ და მათ მმართველობას ფარდა ჩამოვხსენით, მოიტანა იმან, რომ ოპოზიციას მწყობრი ნაბიჯები აქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მმართველ გუნდს არ უნდა შეუნარჩუნოს ლეგიტიმაცია.

„ამ წუთის მდგომარეობით, ქართული ოცნების მხრიდან გონივრული შეთავაზება არავის მიუღია, ვგულისხმობ ოპოზიციას ანუ ხალხს. შესაბამისად, თანხმობა ჩვენგან არ იქნება მიღებული. ოცნებას ტყუილად აქვს იმედი, რომ ოპოზიცია გამოჩნდება მაშველი რგოლი და რამენაირად პირს მოვბანთ, რომ უცხოელების თვალში რომ უკეთესები გამოჩნდნენ“, - განაცხადა მელიამ.

მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართებოდაა, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ოპოზიციის უარის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი საბოლოო შეთავაზება გააკეთა 110/40, მაგრამ მათ ოპოზიციისგან კვლავ უარი მიიღეს. 

ამის შემდეგ ამერიკის  ელჩის მოადგილესთან არაფორმალური შეხვედრები გაიმართა. მმართველი გუნდმა ზეწოლას კვლავ ვერ გაუძლო და კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთა, რომელიც მათი თქმით, „კვლავ ბოლოა“ და დიალოგის გაგრძელება არ აპირებენ. შეთავაზება შემდეგი სახისაა - 40%-ზე ნაკლები ხმების მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ ექნება. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს. 


close დახურვა