ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს, სააკაშვილის დასწრების გარეშე გამართვაზე ამბობს, რომ ეს შესაძლოა პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს მისი სასამართლოში მიყვანის გარეშე ასამართლებენ.
"პირველი პრეცედენტია ალბათ მთელს მსოფლიოში, როდესაც ასამართლებენ პრეზიდენტს, მისი ფიზიკურად სასამართლოში მიყვანის გარეშე, პირველი პრეცედენტია ალბათ მსოფლიოში, როდესაც პატიმარს, პოლიტიკურ პატიმარს თავი გავანებოთ, პატიმარს არ ეძლევა შესაძლებლობა ზარის განხორციელებისა უკვე რამდენი ხანია, პირველი პრეცედენტია ალბათ, როდესაც ყავთ დატყვევებული პრეზიდენტი და მოტყუებით გადაყვათ იმ ციხეში, სადაც მძიმე დამნაშავეები იხდიან სასჯელს, თანაც როგორ და როდესაც შვილები და დედა ელოდება მას პაემანზე მისულები ციხეში და ეს ხდებოდა რუსთავში, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს და იქნება ცოცხალი და ჯანმრთელი და მალე თავისუფალი, დღესაც გამოჩნდა, რამდენად ეშინიათ თავისუფლების იდეის" - ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია
დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება კვლავ შეზღუდული აქვს.
სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, შესაძლოა, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით".
დღევანდელ პროცესზე, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.
საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუყრაცხყოფა და მოუწყვეს ე.წ შუმოკი - პატიმრებმა ერთხმად აგინებს და როგორც ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობენ, გინების ხმა ყოფილი პრეზიდენტის საკანში ახლაც ისმის.
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება.