ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, საქართველო ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერას ბოლომდე ჩაეჭიდოს და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსი გამოიყენოს. მელიას თქმით, შარლ მიშელის მედიაციით დაწყებული პროცესი ქვეყნის მომავლისთვის ახალი ფანჯრის გახსნის შესაძლებლობაა.
"პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ და ქვეყნის მომავლისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გავხსნათ. ამისთვის საჭიროა, ამ მხარდაჭერას ბოლომდე ჩავეჭიდოთ, სწორად გამოვიყენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი მეგობრები საქართველოს სახელმწიფოს გადასარჩენად იჩენენ და ეს კეთილგანწობა არ გავფლანგოთ", - ამბობს მელია.
მელია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. მელიას თქმით, აუცილებელია რეალური საარჩევნო რეფორმის განხორციელება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმების შემუშავება.
"ეს უნიკიალური შანსი უნდა გამოვიყენოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომლებიც სახელმწიფოს შტოებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელს გახდის, რაც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები ყოველთვის ექნება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები ვეღარ მოექცევიან ხელისუფლების პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა", - წერს მელია გავრცელებულ განცხადებაში.
მელია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად რესურსი აღარ დარჩა და ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება.
"კიდევ უფრო მეტად უნდა გავერთიანდეთ, უარი ვთქვათ იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებებზე, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და კრიზისი შესაძლებლობად ვაქციოთ", - აღნიშნავს ენმ-ის თავმჯდომარე.
ნიკა მელია 23 თებერვალს, გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დააკავეს. -ის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან, ამიტომ თანხას არ გადაიხდიდა. მელიას დასაკავებლად პოლიცია პარტიის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა.